logo
Loading data...
მთავარი შუა დერეფანი

სტატია

"მსოფლიო ბანკის პროგნოზით, 2030 წელს "შუა დერეფანში" ტვირთების რაოდენობა გასამმაგდება" - გურამ გურამიშვილი

მსოფლიო ბანკის პროგნოზით, 2030 წელს “შუა დერეფანში” ტვირთების რაოდენობა გასამმაგდება, -  ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გურამ გურამიშვილმა   “ბიზნესპარტნიორის” ღამის ეთერში განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, “შუა დერეფანი” და ზოგადად, საქართველოზე გამავალი დერეფნები, ბოლო წლებში, მზარდი ტრენდით ხასიათდება.

საქართველო “შუა დერეფნის” ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი  და განუყოფელი ნაწილია. “შუა დერეფანს” საფუძველი 2015 წელს ჩაეყარა, როდესაც საქართველოს, აზერბაიჯანის და ყაზახეთის სარკინიგზო ადმინისტრაციებმა  ე.წ. საერთო კომიტეტი დააარსეს, რომელიც სწორედ “შუა დერეფანში” მუშაობდა ყაზახეთიდან და ცენტრალური აზიიდან, შემდგომ ჩინეთიდან ტვირთების მოზიდვასა  და ევროპის მიმართულებით ტრანსპორტირებაზე.  "შუა დერეფანმა"  გააკეთა ინსპირირება იმის, რომ დღეს ჩვენ ისეთი დიდი ინფრასტრუქტურული პროექტები გვაქვს, რომელიც არის -  საქართველოს რკინიგზის მოდერნიზაცია, ანაკლიის პორტის მშენებლობა აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალი და ა.შ.

არსებობს ილუზია, რომ რუსეთ-უკრაინის ომმა ჩინეთიდან ევროპის მიმართულებით, ტვირთის ნაკადების გადამისამართება, ან შეწყვეტა გამოიწვია, თუმცა ამას ვერ დავადასტურებ. გარკვეული პერიოდი უმნიშვნელო შემცირება იყო, თუმცა აღნიშნული ომის პერიოდში ტვირთები ჩვეულებრივად გადაიზიდება.

გარე სამყაროში “შუა დერეფნით”  დაინტერესება ამ ომმა გამოიწვია. არაერთი კვლევა ჩატარდა, მათ შორის, მსოფლიო ბანკის მიერ და გამოიკვეთა ის საჭიროებები, რომელიც დროის მანძილზე “შუა დერეფანში” ქვეყნებს და “შუა დერეფნის” ინფრასტრუქტურას დასჭირდება. მსოფლიო ბანკის კვლევით, 2030 წელს მოსალოდნელია იმ ტვირთის გასამმაგება, რომელიც დღეს “შუა დერეფანში” მოდის.

მაგალითად, 2024 წელს სახმელეთო ტრანსპორტით გადაზიდული ტვირთების რაოდენობამ 28.2 მლნ ტონა შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 4%-ით მეტია. ასევე, ზრდა ფიქსირდება საქართველოს პორტებსა და საზღვაო ტერმინალებში, სადაც ზრდის მაჩვენებელი 10%-ია. შესაბამისად, ეს მზარდი ტრენდი ყველა პროგნოზით შენარჩუნებული იქნება და აუცილებლად მივაღწევთ იმ სამიზნე მაჩვენებელს, რომელსაც მსოფლიო ბანკი 2030 წლისთვის პროგნოზირებს.

ჩვენ მხოლოდ “შუა დერეფნის” შემყურე ქვეყანა არ ვართ. საქართველოში სატრანსპორტო პოლიტიკა იმ კუთხით ხორციელდება, რომ სხვადასხვა მარშრუტებში მივიღოთ მონაწილეობა, რომლის ნათელი დასტურია საკონტეინერო გადაზიდვების პროექტი. ჩვენ სხვადასხვა მიმართულებაზე ვახორციელებთ სატრანსპორტო პოლიტიკას, რომელიც რა თქმა უნდა, ტვირთის ზრდას გამოიწვევს”, - აცხადებს გურამ გურამიშვილი.

გამოგვყევით